საქართველო მზად არის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების განვითარების პროცესში

2015 წლის 26 ნოემბერს, ქ. თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა გაიმართა, რომელმაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შემდგომი განვითარების საკითხებთან ერთად, ჯანდაცვის თემატიკაც მოიცვა. 

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა რიგის სამიტზე განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობაზე და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შედეგად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრის ფარგლებში პარტნიორების მიერ განხილულ იქნა რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით არსებული გამოწვევები.

შეხვედრის დასრულებისას გაიმართა ერთობლივი პრეს-კონფერენცია, რომელზეც გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას.
„ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები  ახალი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისადმი ევროკავშირის ახლებური მიდგომის შესახებ. საქართველოს დელეგაციის სახელით, მსურს დავადასტურო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატისადმი ჩვენი მხარდაჭერა. განვიხილეთ რა მაისში ჩატარებული აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შედეგები, ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ჩვენი მნიშვნელოვანი  წვლილი შევიტანოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გაძლიერებული, მჭიდრო და დიფერენციული ურთიერთობების განვითარების პროცესში. ჩვენ ვაფასებთ იმ უნიკალურ ურთიერთობას, რომელიც ჩამოვაყალიბეთ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. საქართველო სრულად გამოიყენებს ამ ურთიერთობების პოტენციალს და უზრუნველყოფს თავისი საგარეო-პოლიტიკური ამოცანების შესრულებას“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პრეს-კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს პროგრესზე ვიზალიბერალიზაციის პროცესში.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რომელიც ჩვენმა თანამშრომლობამ გამოიღო. ამ მომენტისთვის ყველაფერი მიდის სწორი მიმართულებით და მე ღრმად ვარ დარწმუნებული სამომავლო პროგრესში.“- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

არაფორმალურ დიალოგს ქართული მხრიდან უმასპინძლეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობდნენ  - ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის დარგში, ვიტენის ანდრიუკაიტისი და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჰელგა შმიდი. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვივნენ  პარტნიორი ქვეყნების  დელეგაციები მაღალ დონეზე.