საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობების და კულტურის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დადებითად შეაფასა და 2016 წელს, კომისიის მუშაობის თვალსაზრისით, „უაღრესად წარმატებული“ უწოდა

19.12.2016 თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. აღნიშნული ჯგუფი განიხილავს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხებს საზოგადოებასთან ურთიერთობის, განათლების, სპორტის, კულტურული გაცვლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის საკითხებისა და ჯანდაცვის სფეროში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფის საქმიანობა შეაფასეს სხდომის თანათავმჯდომარეებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელიამ. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმ შეთანხმებების იმპლემენტაციაზე, რასაც ხელი მოეწერა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტის დროს.  

„2016 წლის 6 ივლისს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ხელი მოაწერეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს და განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს. აგრეთვე დაიწყო ახალი პროქტი „ზრდა“, რომლის მიზანსაც ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე რეგიონების ეკონომიკური ხელშეწყობა წარმოადგენდა. გაღრმავდა ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში პროდუქტიული თანამშრომლობა და ამ მხრივ განსაკუთრებით მსურს გამოვყო C ჰეპატიტის აღმოფხვრის ძალიან წარმატებული პროგრამა,“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა და პროგრესში შეტანილი წვლილისათვის ორივე მხარეს მადლობა გადაუხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხზე და განხილული იქნა ამ მიმართულებით საქართველოს სამთავრობო უწყებების წინაშე მდგარი ამოცანები, სტრატეგიული კომუნიკაციების პროცესში კოორდინაციის გაუმჯობესების  გზები და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის შესაძლებლობები.

შეხვედრის დასრულებისას გაკეთებულ საჯარო განცხადებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწემ თომას მელიამ  ხაზი გაუსვა სამუშაო ჯგუფის ფორმატში განსაზღვრულ სფეროებში საქართველო-ამერიკის წარმატებულ თანამშრომლობას. მისი თქმით ამის ნათელი დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსათვის დახმარების ბიუჯეტის გაზრდა.

„განვიხილეთ თუ რამდენად ხელსაყრელი და სასარგებლოა სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა ორივე მხარისთვის. განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ განათლების სფეროზე, რომელიც იქნება საკმაოდ დიდი კომპონენტი ამ ურთიერთობებისა. ჩვენ ასევე განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება ამ პროგრამებმა მოიცვას ის მოსახლეობა, ის ხალხი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორ შეიძლება მათ მიიღონ დადებითი შედეგი ამ პროგრამებიდან. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი დახმარების ბიუჯეტი გაიზარდა როგორც გასულ წელს, ასევე წლევანდელ წელს, ეს ნათელი მაგალითია ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წარმატების და იმის თუ რა დადებითი შედეგი შეიძლება მოიტანოს ორმხრივმა ურთიერთობებმა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“ - განაცხადა თომას მელიამ.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და გაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უმთავრეს მექანიზმს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.