სერ ალან დუნკანი: საქართველო წარმოადგენს რეგიონული დემოკრატიის სანიმუშო მოდელს

24.11.2016 თბილისი - საქართველო არის სანიმუშო მაგალითი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შენების თვალსაზრისით - ამის შესახებ ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკამნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა

მისი თქმით დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ღირსეულ საერთაშორისო პარტნიორს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ალან დუნკანმა  მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

" ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც აქტიურად ვგულშემატკივრობთ საქართველოს ურთიერთობების განვითარებას ევროკავშირთან და ნატო-სთან. მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით. ქვეყანა შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს, რომელიც ყველა აქ არსებულ ინსტიტუტს გააძლიერებს და ეკონომიკურად უფრო სტაბილურს გახდის.
თქვენი მხარდაჭერა უსაფრთხოების გაძლიერებისადმი და თქვენს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი დადებითად ფასდება ყველა ნატო-ს წევრი ქვეყნის მიერ დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. თქვენ გააღრმავეთ ნატო-სთან მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვანი რესურსით, რაც გეხმარებათ თქვენი მდგრადობისა და ალიანსის გაძლიერებაში" - განაცხადა ალან დუნკანმა.

სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბრიტანეთის ურყევ მხარდაჭერას.

"ვეწვევი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს, რათა ჩემი თვალით ვნახო თუ რა გავლენას ახდენს რუსეთის ქმედებები ადგილობრივ  მოსახლეობაზე. რამდენიმე ბრიტანელი მუშაობს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, რომელთაგან ყველა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერთიან გუნდში. ამგვარად ჩვენ ერთად ვცდილობთ უზრუნველვყოთ რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება"- აღნიშნა მან.

სერ ალან დუნკანი საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით სტუმრობს „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ალან დუნკანი ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.