სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა

2016 წლის 30 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ლუკაშ პარიზეკთან, რომელიც საქართველოს სტუმრობს სლოვაკეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
 
შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში, ყველა დონეზე, ქვეყნები დინამიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობენ. განსაკუთრებული კმაყოფილება გამოითქვა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მხარეები შეთანხმდნენ საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მომდევნო რაუნდის ჩატარების საკითხზე. დავით ზალკალიანმა სლოვაკ კოლეგას მადლობა გადაუხადა „სლოვაკეთის განვითარების ოფიციალური დახმარების“ ფარგლებში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისთვის.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხს. დავით ზალკალიანმა სლოვაკ კოლეგას გააცნო ქართული მხარის მოლოდინები მოახლოებულ „ნატო“-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით  და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უახლოეს მომავალში ამოქმედების მნიშვნელობაზე. სლოვაკეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები. ლუკაშ პარიზეკმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.