სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების და სუამ-იაპონიის ფორმატის შეხვედრა

2015 წლის 3 დეკემბერს, ბელგრადში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში უკრაინის თავმჯდომარეობით, გაიმართა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ნატალია გერმანმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

სუამ-ის მინისტერიალზე, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთქმედების მიმართულებით. მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან (აშშ, იაპონია) და სხვა საერთაშორისო, მათ შორის რეგიონულ ორგანიზაციებთან.

მინისტრთა საბჭომ მადლობა გადაუხადა ვალერი ჩეჩელაშვილს, სუამ-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის და მიესალმა, 2016 წლის 1 იანვრიდან, სუამ-ის ახალი გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის დანიშვნას. 

მინისტრებმა, ასევე, მიიღეს გადაწყვეტილება, 2016 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარეობის აზერბაიჯანისათვის გადაცემის შესახებ. შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებებს საორგანიზაციო საკითხების შესახებ და სხდომის ოქმს.

3 დეკემბერს, ბელგრადში, ასევე გაიმართა სუამ-იაპონიის ფორმატის შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ხოლო იაპონურ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მინისტრი იოჯი მუტო (Yoji MUTO). მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ფორმატის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას, ისაუბრეს მისი გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის სხვა ძირითად საკითხებზე. შეხვედრაზე, ხელი მოეწერა „სუამ-იაპონიის თანამშრომლობის პროგრამას“ (“GUAM-Japan Cooperation Program”), რომელიც ხელს შეუწყობს იაპონიასთან, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთო ინტერესის მქონე მიმართულებით. ​