უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში დავით ზალკალიანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა

უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა  მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა  ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების არაფორმალური  ჯგუფის - აშშ-ს, კანადის, პოლონეთის, ლიტვის, რუმინეთის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს. 
 
შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე,  საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ისაუბრა ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.  შეხვედრის მონაწილეების მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოსადმი და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე შემდგომში პროგრესის დაფიქსირების მიზნით. 
 
28 ივნისს, ასევე გაიმართა დავით ზალკალიანის შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარესთან, ჰერბერტ ზალბერთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო განვითარებებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება 19 მაისს, სოფ.ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე და ხაზი გაუსვა დამნაშავეების დროულად დაკავების აუცილებლობას. შეხვედრაზე აღინიშნა გალის IPRM-ის განახლების მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები გაგრძელდება.