უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

2016 წლის 2-3 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით გაიმართა საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ნატო-ს ვარშავის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა გერმანულ მხარესთან.

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან, ანდრეას მიხაელისთან, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან, კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო და განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, იოახიმ ბერტელესთან, ბუნდესტაგის თავდაცვის და საგარეო კომიტეტებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელთან, როდერიხ კიზევეთერთან და ეუთო-ში გერმანიის თავმჯდომარეობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ ანტიე ლენდერცესთან.

შეხვედრებისას განხილულ იქნა ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის ქართული მხარის მოლოდინები, სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მომზადების პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმდინარეობა და ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა გერმანული მხარის პოზიციის მნიშვნელობას, რათა ვარშავის სამიტზე ადეკვატურად იქნას ასახული საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა.

ვიზიტის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე გამართა შეხვედრა გერმანელ ექსპერტებთან მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდში.