უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში

2016 წლის 10-11 მაისს გაიმართა საქართველოს უწყებათაშორისი დელაგაციის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ თავდაცვის სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ნატო-ს ვარშავის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ფრანგულ მხარესთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა, უსაფრთხოებისა და განიარაღების დეპარტამენტის დირექტორთან, ელენ ტრეე-დიუშენთან და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობათა გენერალურ დირექტორთან, ფილიპ ერერასთან.

შეხვედრებისას განხილულ იქნა ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მომზადების პროცესი, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმდინარეობა. ხაზი გაესვა ფრანგული მხარის პოზიციის მნიშვნელობას, რათა სამიტზე ადეკვატურად იქნას ასახული საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღინიშნა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ფრანგული მხარის ურყევი მხარდაჭერა.