უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკაში

2016 წლის 31 მაისს და 1 ივნისს გაიმართა საქართველოს უწყებათაშორისი დელაგაციის ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკაში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ნატო-ს ვარშავის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ხორვატულ მხარესთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ხორვატიის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ნიკოლა ბრზიკასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ამირ მუჰარემისთან და პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, იგორ დრაგოვანთან. შეხვედრებისას განხილულ იქნა ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მომზადების პროცესი, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმდინარეობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღინიშნა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ხორვატული მხარის ურყევი მხარდაჭერა.

ზაგრებში ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის დირექტორ მლადენ ანდრლიჩთან შეხვედრა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ხორვატიის დიპლომატიურ აკადემიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.