ფრიდრიხ ებერტის ფონდის პრეზიდენტი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების პოპულარიზაციას გერმანიის რეგიონებში

2.09.2016 თბილისი - გერმანიის ფრიდრიხ ებერტის ფონდის პრეზიდენტმა კურტ ბეკმა ინტერესი გამოხატა ხელი შეუწყოს გერმანიის სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მიღწევების, მისი ეკონომიკური პოტენციალისა და ქვეყნის ევროპული განვითარების პოპულარიზაციას
 
როგორც კურტ ბეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ბერლინში გამართული შეხვედრისას აღნიშნა ფონდი მრავალი წელია საქართველოსთან თანამშრომლობს და მათთვის შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ განვითარების გზაზე მიაღწია. 
 
„ბატონ მინისტრთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ საქართველოს განვითარების სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური რეფორმებისა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული გეგმების შესახებ. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს პოპულარიზაციით და მისი ევროპული მიმართულების პოპულარიზაციით არა მხოლოდ ფედერალურ დონეზე გერმანიაში, არამედ მის ყველა მიწასა და ცალკეულ რეგიონებში. დარწმუნებული ვარ ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს მოგვცემს“ - განაცხადა კურტ ბეკმა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა სხვადასხვა სფეროში საქართველო გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობაზე, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს სატრანზიტო და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე. მან მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა ბოლო წლებში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც, როგორც მაღალი დონის ვიზიტების უპრეცედენტო სიხშირით, ასევე გერმანელი ექსპერტების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული ინტერესითაც გამოიხატება.
 
მინისტრმა ფრიდრიხ ებერტის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.