ქართული წიგნის კუთხე ლისაბონში

ამა წლის 30 ივნისს ქალაქ ლისაბონის პორტუგალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ქართული წიგნის კუთხე. წიგნების გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა მარია ინეს კორდეირომ და საქართველოს ელჩმა გიორგი გორგილაძემ. მხარეებმა ისაუბრეს პორტუგალიასთან საქართველოს ისტორიულ კავშირებზე და გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებისთვის. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ქართული მხარის მიერ პორტუგალიის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის წიგნების დონაციის ოქმს.

ქართული წიგნის კუთხის გახსნას დაესრნენ პოლტუგალიის კულტურის დეპარტამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და პორტუგალიის უნივერსიტეტების ქართველი სტიპენდიანტები.  

პორტუგალიის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ასამდე ქართული წიგნის გადაცემა განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში ქართული სექციების გახსნას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტის ფარგლებში წელიწად-ნახევრის  განმავლობაში ქართული სექციები გაიხსნა ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტში (HUFS), იუნგ ჰის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უცხოური ლიტერატურის განყოფილებაში, ქ. ანიანგის სოქსუს ბიბლიოთეკაში (Anyang Seouksu Library) (კორეის რესპუბლიკა), ქ. კაიროს დომენიკელთა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში (IDEO) (ეგვიპტე),  ქ. ლინცის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში (ავსტრიის რესპუბლიკა), შვეიცარიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მანილას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (ფილიპინები), მალაიზიის ეროვნული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და მალაიზიის დასავლეთის კვლევების ინსტიტუტში, სან-დამასოს უნივერსიტეტში (ესპანეთი), კარლის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელ ცენტრში (ჩეხეთი), ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიურ ბიბლიოთეკასთან კი ამოქმედდა საქართველოს საინფორმაციო ცენტრი.

პროექტის ფარგლებში ასევე, ქართული ლიტერატურით შეივსო და გამდიდრდა არაერთი უცხოური ბიბლიოთეკის ქართული სექციის უკვე არსებული ფონდები.