ქ.ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

ქ.ასტანაში  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
 
მიღებაზე    ყაზახეთის მხრიდან სიტყვით გამოვიდა ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ასეტ ისიკეშევმა. ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრის მიმართვაში ხაზგასმულ იქნა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის და მათი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.  მინისტრმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის არსებულ კულტურულ კავშირებზე და გაიხსენა ქართული კულტურის, კინემატოგრაფიის და სპორტის მოღვაწეები.
 
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა „აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი“. ანსამბლმა საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნები შეასრულა, რამაც დამსწრე საზოგადობის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა ექსპოზიცია, ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის თაობაზე.  
 
ყაზახეთის რესპუბლიკის ჟამბილის ოლქში მოქმედი ქართული სათვისტომოს წევრების მიერ სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებისათვის საგანგებოდ დამზადებული იქნა  95 მეტრი სიგრძის ქართული ყველი.
 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული სამზარეულოს მასტერ–კლასი, რომლის ფარგლებშიც ქართველი მზარეულების დახმარებით სტუმრებს საშუალება მიეცათ მოემზადებინათ ხაჭაპური და ხინკალი, ასევე ბადაგში ამოევლოთ ჩურჩხელები და დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები.  
 
ღონისძიების ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელის მიერ ასევე გაიმართა პრეზენტაცია ტურისტული რეგიონების პოტენციალის შესახებ. საზეიმო მიღების ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა „Spectacular Georgia“, რა დროსაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი 80 ფოტოსურათი, ასევე გაიმართა ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.
 
ღონისძიება ყაზახეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ. ასტანის აკიმატის (მერიის) და ქ. ალმატის აკიმატის მხარდაჭერით გაიმართა.
 
საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყაზახეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესწრეების, კულტურის სფეროს და მასმედიის წარმომადგენლები, ანალიტიკური ჯგუფების წევრები, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონებში მოქმედი ქართული დიასპორების წევრები.