ქ. ბრატისლავაში ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

3.09.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ბრატისლავაში ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის ინიციატივით გაიმართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პერსპექტივები, კერძოდ პარტნიორების ხედვები ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარების, ასევე პარტნიორებისა და ევროკავშირის მოსაზრებები მრავალმხრივ ფორმატში  თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
 
ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანი.
 
ქ. ბრატისლავაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა, საფრანგეთის, ლიტვის, სლოვაკეთის, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრებზე მხარეებმა ყურადღება ძირითადად გაამახვილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დროულად დასრულების მნიშვნელობაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა ცალსახად აღიარეს, რომ საქართველომ სრულად დააკმაყოფილა უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის აუცილებელი კრიტერიუმები.
​