ქ. ჰააგაში ჰოლანდიელი და ქართველი ბიზნესმენებისთვის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

24 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ჰააგაში საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ინიციატივით გამართულ საქართველო-ნიდერლანდების ბიზნეს ფორუმში, რომელშიც მონაწილეობდნენ ორი ქვეყნის ბიზნეს გაერთიანებების, სხვადასხვა სააგენტოების, საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.
 
თავის გამოსვლაში გიგი გიგიაძემ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ევროკავშირის სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება, რის საფუძველსაც ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეჟიმი იძლევა. მან მონაწილეებს მიაწოდა ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესში არსებულ პროგრესის, ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს, მიმდინარე რეფორმების და ინფრასტრუქტურული სისტემის მოდერნიზაციის პროცესის შესახებ.
 
ღონისძიების მსვლელობისას ჰოლანდიელ ბიზნესმენებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს რეგიონულ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე, ეკონომიკური და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, მეწარმეებისა და ინვესტორების ხელშეწყობის მექანიზმებსა და ფონდებზე. ჰოლანდიის საქმიანი წრეებისთვის წარდგენილ იქნა ინფორმაცია წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებისა და ეკონომიკის სექტორებში საინვესტიციო პოტენციალის  შესახებ.
 
ბიზნეს ფორუმის დასასრულს გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ჰოლანდიელ ბიზნესმენებს შორის და ქართული წარმოების პროდუქციის ფოტო-გამოფენა.