„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე  ქართულ-ამერიკული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2016“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით აღნიშნული წვრთნები საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის დასტურია და სამხედრო სფეროში პარტნიორებთან თანამშრომლობა აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.  უკვე მეორედ იმართება „ღირსეული პარტნიორობის“ ერთობლივი წვრთნები. ეს არის აშშ-სთან  ჩვენი პარტნიორობისა და  მეგობრობის გამოხატულება. წვრთნები აძლიერებს საქართველოს თავდაცვის უნარიანობას, საქართველოს თავსებადობას ნატოსთან. მოხარული ვართ, რომ წვრთნებში გაერთიანებული სამეფოც მონაწილეობს. ეს არის ჩვენი მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად წინ გადადგმული ნაბიჯი“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების დასრულების შემდეგ.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გამართული სწავლება ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა.

მოწვეულმა სტუმრებმა და წვრთნებში მონაწილე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.

„ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ცერემონიალი საჩვენებელი სწავლება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება.

ქართულ-ამერიკული სწავლების გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.