შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

  
2015 წლის 18 ივნისს ქ. კიშინეუში გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 32-ე შეხვედრა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ქ-ნი ნატალია გერმანი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ-ნი დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დ. ჯალაღანიამ მოლდოვას რესპუბლიკის პრიორიტეტების შესაბამისად, მაღალი შეფასება მისცა BSEC-ში მოლდოვას თავმჯდომარეობის პერიოდში მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის BSEC-ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების, BSEC-ის რეფორმირების და სხვა სფეროებში. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები ხელს უშლის BSEC-ის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და გამოთქვა აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანი და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით მოგვარების აუცილებლობა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობას და მოუწოდა BSEC-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებაში.
ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს BSEC-სა და 8 განვითარებადი ქვეყნის ორგანიზაციას შორის და ურთიერთგაგების მემორანდუმს BSEC-ის სამდივნოსა და ხმელთაშუა ზღვის კავშირის სამდივნოს შორის.
2015 წლის პირველი ივლისიდან BSEC-ის თავმჯდომარეობა 6 თვით გადაეცემა რუმინეთს.

                                                                                         პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი