შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო პლატფორმასთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა 2015 წლის 19 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის საბჭოსთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის მოსამზადებელი საკითხები. როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდგომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ის რესურსი, რაც ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად სამოქალაქო სექტორს გააჩნია. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ რიგის სამიტთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი, რაც გააჩნია სამოქალაქო სექტორსა და მათ პარტნიორებს, იმ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებაში, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რიგის სამიტის მთავარ ამოცანებს“-აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

შეხვედრაზე სამოქალაქო პლატფორმის წვერებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების გზაზე ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიურ კოორდინაციისა და დიალოგის მნიშვნელობას. მათ ასევე ისაუბრეს ეროვნული პლატფორმის ინიციატივაზე, რომლითაც მიმართავენ ევროკავშირს რიგის სამიტზე დაფიქსირდეს მკაფიო პოლიტიკური გზავნილი საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე.

NE5A5506-t.jpgNE5A5492-t.jpg