შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ტალებ რიფაისთან

18.01.2017 მადრიდი - ​ქ. მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ტალებ რიფაისთან. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პარტნიორობას, რომელიც დინამიურად ვითარდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩზე ზურაბ პოლოლიკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ღირსეული კანდიდატი იქნება ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე და ღირსეულად გაიზიარებს ორგანიზაციის მიერ, ტალებ რიფაის პირადი ძალისხმევის შედეგად, აღიარებულ ღირებულებებსა და პრიორიტეტებს.

ტალებ რიფაიმ გიორგი კვირიკაშვილს, დატვირთული განრიგის მიუხედავად, მადრიდში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა და ტალებ რიფაიმ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სათავო ოფისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გახსნეს. 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ასევე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს.

"მივესალმები ჩვენთვის კიდევ ერთ ძვირფას და მნიშვნელოვან ადამიანს და ჩემს მეგობარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. როგორც ხედავთ, საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა პოლიტიკოსია. მართალია, ის უშუალოდ არ თანამშრომლობს ჩვენთან, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ გამართულ შეხვედრაზე ის და პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდნენ ტურიზმზე, როგორც საკუთარ შვილზე. დარწმუნებული ვარ, გესმით, რას ვგულისხმობ, რადგან თქვენ ყველამ ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვენით ტურიზმს და ასევე კარგად გესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის, მთავრობის მეთაურის მხარდაჭერა", - განაცხადა ტალებ რიფაიმ. 

„საქართველო ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. როდესაც საუბარია საქართველოს შესახებ, მე მიკერძოებული ვარ. საქართველო არის უმშვენიერესი, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ულამაზესი, ბედნიერი და მუდამ მომღიმარი ადამიანები. მათ გვერდით, ყოველთვის შინ გრძნობ თავს" - განცხადება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტალებ რიფაიმ.