შეხვედრა ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლებთან

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, 2015 წლის 18 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ვიშეგრადის ოთხეულის (პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან. 

შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ხაზი გაესვა აღნიშნული ჯგუფის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ჯგუფს აქტიური მხარდაჭერისა და ვიშეგრადის ფონდის ფარგლებში გაწეული დახმარებისათვის, რაც გულისხმობს პროექტების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფერენციის ფარგლებში ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების ვიზიტი საქართველოსადმი სოლიდარობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებად შეაფასა. 

თავის მხრივ, ვიშეგრადის ქვეყნების მინისტრის მოადგილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ქვეყნების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ.