შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

„ამბასადორიალი 2016“-ის ფარგლებში გაიმართა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე, რომელსაც მოდერაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უწევდა, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ. 

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების ეფექტურად შესრულებაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა უწყების მზაობას ეფექტურად განაგრძოს მათთან თანამშრომლობა. მინისტრმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად მიმოიხილა ქვეყნის წინაშე საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელების გზაზე არსებული გამოწვევები და მათი ეფექტურად დაძლევისთვის სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლო გზები და საშუალებები.

დღესვე ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, სადაც განხილული იქნა საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესი, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის საკითხები და ამ პროცესში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკო-ს შორის აქტიური თანამშრომლობა.