შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან

2016 წლის 4 მაისს, პრაღაში, ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლუბომირ ზაორალეკთან.
 
მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები.
 
კმაყოფილება გამოთქვეს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდასთან დაკავშირებით. 9-11 მაისს, ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი თბილისში შეფასდა, როგორც საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება.
 
მიხეილ ჯანელიძემ ჩეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხრიდან განვითარების სფეროში ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. ასევე ხაზი გაუსვა ვიშეგრადის ფონდის დახმრების მნიშვნელობას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ეფეტური განხორციელებისთვის.
 
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩეხეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში.
 
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.
 
შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები, საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.