შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვები დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრებად დედაქალაქს შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ესტუმრნენ.  
 
ბავშვები საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას და „დროის კაფსულის“ ჩადების ღონისძიებას დაესწრნენ.

რუსთაველის გამზირზე სეირნობისას მიხეილ ჯანელიძეს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა უწყების მიერ გამართულ ღონისძიებაზე უმასპინძლა.

სამხედრო ტექნიკის გამოფენის ფარგლებში ბავშვებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გაესაუბრა.

ბავშვებმა მინისტრთან და ქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად მოინახულეს ყვავილების ფესტივალი, სადაც გოგონებს საჩუქრად მათთვის დამზადებული ყვავილების გვირგვინები გადაეცათ.

ბავშვებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან. მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ 25 წლისთავს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან ბევრ ღონისძიებაში გვყავს ჩართული ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ეს ბავშვები არიან იმ სოფლებიდან, რომლებიც გაყო საოკუპაციო ხაზმა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ ყველა საზოგადოებრივ ღონისძიებაში, მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ და შეიგრძნონ ის, რასაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობა. მე ვუსურვებ მათ, რომ ეცხოვროთ ერთიან, თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოში და მათი მხარე იყოს ყველაზე ძლიერი და განვითარებული ერთიანი საქართველოს ფარგლებში“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
 
მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები პატარებისთვის სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს და ამჯერადაც მოხარულია, რომ 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნა მათთან ერთად მოხდა.