ჩეხეთის სენატმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურა დაასრულა

2015 წლის 18 მარტს გამართულ კენჭისყრაზე, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რატიფიკაციის საკითხს.

პლენარულ სესიაზე, სენატორებთან ერთად, სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი, რომელმაც რეკომენდაცია მისცა სენატს რატიფიკაციის პროცესისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით.

მან ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებულ პროცესზე და შეეხო ქართული სახელმწიფოს ისტორიისა და კულტურის ასპექტებს, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ ფასეულობებთან.  ასევე, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის პარლამენტი ორპალატიანია და ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა საერთაშორისო ხელშეკრულებები ან კონსტიტუციური შესწორებები, ორივე პალატის თანხმობას მოითხოვს.

მეორე, წარმომადგენლობით პალატაში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს რატიფიკაციის პროცესი. პირველი ეტაპი დასრულებულია და მეორე მოსმენისთვის დოკუმენტი უკვე გადაეცა განსახილველად საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებს.