„ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე“

„ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ვიზალიბერალიზაციის თაობაზე შეთანხმების კუთხით.  ვფიქრობთ, რომ კომისია ოპტიმისტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე საქართველოს მოსახლეობას შეეძლება,  იმოგზაუროს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე“-განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
მისი განცხადებით, ევროკავშირთან დაახლოების პროცესი ბევრ რეფორმას მოითხოვს, რაც ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომის საგანია.
 
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავხსნათ, განვმარტოთ ყველა ის რეფორმა, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირთან. ჩვენ გვინდა საზოგადოდ ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ არის ის რაც თავისთავად მოვა, არამედ ეს ყოველივე ნიშნავს ყოველდღიურ თავდადებულ მუშაობას.  ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ვიზალიბერალიზაციის თაობაზე შეთანხმების კუთხით. ვფიქრობთ, რომ კომისია ოპტიმისტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე საქართველოს მოსახლეობას შეეძლება, რომ იმოგზაუროს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე.  ეს არის ძალიან სიმბოლური და ასე ვთქვათ პრაქტიკული ძალისხმევა.  ესტონეთის მხრიდან, ისევე როგორც ევროკავშირის მხრიდან იმედი გვაქვს, რომ შემდეგი წლის დასაწყისში ვიზალიბერალიზაციის საკითხის რეალიზაცია მოხდება“-განაცხადა მინისტრმა.