ჰავანაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

ჰავანაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კუბაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შემდგომ პირველად აღნიშნეს.
 
მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ კუბის რესპუბლიკის განათლების მინისტრი, ენა ისაბელ ველასკეს კობიელა, საგარეო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ანა ტერესიტა გონსალეს ფრაგა, საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს ოფიციალური პირები, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კუბაში მცხოვრები ქართველები.

ღონისძიება საქართველოსა და კუბის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნების შესრულებით გაიხსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გია ნიკოლაიშვილმა. ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე, ბოლო პერიოდის მიღწევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე. გია ნიკოლაიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუბა პირველი ქვეყანა იყო ლათინური ამერიკიდან, ვინც აღიარა ოფიციალურად საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წელს და 25 წლის განმავლობაში აქტიურად უჭერს მხარს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობას, ასევე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ელჩის გამოსვლის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საქართველოს კუთხეებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტო მასალა.

მიღების მიმდინარეობისას საქართველოს ელჩი და კუბის განათლების მინისტრი ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც განიხილავენ საქართველოს განათლების სამინისტროსთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხებს. გია ნიკოლაიშვილმა და საგარეო ურთიერთობების მინისტრის მოადგილემ ისაუბრეს ახლო მომავალში შესაძლო პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ.

კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გამართული ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.