​სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცის შესახებ ევროკომისიის ანგარიში

2015 წლის  8 მაისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ, რომელიც მეორე ფაზის მოთხოვნების შესრულების შეფასების შესახებ პირველ ანგარიშს წარმოადგენს.   

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ოთხი ბლოკით განსაზღვრული მიმართულებებით, რაც ადასტურებს ქვეყნის უდიდეს ძალისხმევას და წარმოადგენს ქვეყნის მთავრობის ფართო და კოორდინირებული საქმიანობის შედეგს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მხრიდან გეგმით დადგენილ სფეროებში გატარებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.  ევროკომისია  მიიჩნევს, რომ საქართველომ  ამ უმნიშვნელოვანეს პროგრესს უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში მიაღწია, იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის ნომებტიდან დღემდე მთლიანად შესრულებულია ვალდებულებები შემდეგ სფეროებში: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, სამართლებრივი თანამშრომლობა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, გადაადგილების თავისუფლება და სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ხელმისაწვდომობა.

რაც შეეხება დანარჩენ სფეროებს, (მიგრაცია, თავშესაფარი, ტრეფიკინგი, კორუფცია, ნარკოტიკებთან ბრძოლა, სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა) ანგარიში დადებითად აფასებს მიღწეულ პროგრესს და ამასთან მოცემულია ევროკომისიის რეკომენდაციები, რომელთა შესასრულებლად  გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის მოთხოვნების იმპლემენტაცია დასრულებულად ჩაითვლება.

საქართველოს მიერ უკანასკნელი თვეების განმავლობაში მიღწეული წინსვლის გათვალისწინებით კომისია გამოთქვამს მზადყოფნას დააჩქაროს შემდგომი ანგარიშის მომზადების პროცესი., რომელიც  მიმდინარე წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.
ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის ამგვარი შეფასება კიდევ ერთი წარმატებულ ნაბიჯია, რომელიც ასევე აისახება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაშიც. მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ წინასწარ განსაზღვრა მომდევნო ანგარიშის გამოქვეყნების კონკრეტული ვადა და მიიჩნევს, რომ დარჩენილი მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოკლეს პერიოდში შესრულდება. ეს საქართველოს მთავრობისადმი ნდობის კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომელიც ჩვენი მხრიდან არაერთხელ დადასტურდა ევროინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, რომ დროულად დასრულდეს ტექნიკური პროცესი, რაც პროცედურის მიხედვით შექმნის    სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ  პოლიტიკური გადაწყვეტლების საფუძველს.

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი