​„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ერთად - ეს არის გზავნილი საქართველოსთვის არგენტინიდან“ - ხორხე ფორი

21.03.19 ბუენოს-აირესი - „არგენტინასა და საქართველოს შორის კავშირები უნდა განვამტკიცოთ და უფრო ქმედითი გავხადოთ, განსაკუთრებით, ეკონომიკური და კომერციული კუთხით.  ჩვენ ვაწარმოებთ ღვინოს, თქვენ - ღვინის კულტურის 8 ათასიანი ისტორია გაქვთ, შესაბამისად, ღვინის ერთად შესმის გარდა, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამ საერთო ფასეულობას კრეატიულ მიმართულებას მივცემთ ღვინის მსოფლიო წარმოების კუთხით. ჩვენ ასევე შეგვიძლია გვქონდეს ინიციატივები სოფლის მეურნეობის დარგში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით - განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხორხე ფორიმ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას არგენტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ არგენტინა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. მისი თქმით, არგენტინის მხარე აფასებს ბუენოს-აირესში საქართველოს საელჩოს ფუნქციონირებას. ფორის განცხადებით, მიმდინარე წელს გაგრძელდება მხარეებს შორის კონსულტაციები და ორმხრივი ურთიერთობების ასი წლის იუბილეც სათანადოდ იქნება აღნიშნული.

არგენტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ხალხთაშორის კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არგენტინაში საქართველო კარგად არის ცნობილი რაგბით, ასევე ფეხბურთით და შესაბამისად, შესაძლებელია ურთიერთობების განვითარება სპორტის მიმართულებით.

„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ერთად - ეს არის გზავნილი საქართველოსთვის არგენტინიდან“ - განაცხადა ხორხე ფორიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არგენტინაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ის სიტყვით გამოვიდა გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა“ და გამართა ორმხრივი შეხვედრები თავის უცხოელ კოლეგებთან.