​„ევროკავშირის მიერ საქართველოში გაცხადებული ორი ახალი პროექტი, თავისი შინაარსით საპილოტეა“- მიხელ ჯანელიძე

05.05.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ევროკომისარ ჰანის ვიზიტისას გაცხადებული პროექტები, რომელსაც ევროკავშირი რეგიონში განახორციელებს, თავისი შინაარსით ნოვატორული, საპილოტეა და პირველად საქართველოში განხორციელდება.
 
ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდგომ საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის  და ევროპული სტარტაპების პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა.
 
„ორივე პროექტი ნოვატორულია და აქამდე ევროკავშირს არსად განუხორციელებია. ევროპული სკოლა, ეს იქნება   ევროპული ღირებულებების მატარებელი.  სკოლაში სწავლება რამდენიმე ენაზე წარიმართება და იგი მოემსახურება როგორც ქართველ, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ახალგაზრდებს.  მათ მიეცემათ მეტი შესაძლებლობა იყვნენ ინტეგრირებულნი ევროპასთან და გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები ევროპის მასშტაბით. ეს არის ნამდვილად უპრეცენდენტო პროექტი, რომლის მიმართ საქართველოს მთავრობამ გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა და ჩვენ უკვე დეტალებზე ვიმუშავებთ, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, ძალიან მალე დაიწყოს და გახდეს წარმატებული“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 
ევროკავშირის კიდევ ერთი საპილოტე პროექტი  ევროპული სტარტაპების პროგრამაა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით  განცხადებით აღნიშნული პროექტი თავსებადი იქნება პროექტ „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით განხორციელებულ პროექტთან.  „პროგრამა ხელს შეუწყობს ჩვენს მეწარმეებს, ახალგაზრდებს, სტარტაპერებს, მიიღონ წვდომა ევროპულ კაპიტალთან, ასევე ევროპულ ცოდნასთან და მოახდინონ თავიანთი პროექტების ევროპის მასშტაბით განვითარება“ - მიხეილ ჯანელიძე.