​ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით "აღმოსავლეთ პარტნირობის" სამიტთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციებით პარლამენტმა გამოხატა საკუთარი პოლიტიკური ნება

18.10.2017 ქ. ბრიუსელი - „როდესაც არსებობს მზაობა, შესაძლებლობაც სწორედ მაშინ ჩნდება. ჩემი სურვილია საქართველომ სტაბილურად განაგრძოს წინსვლა და შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა. ამ შემთხვევაში  ის  მზად იქნება ყველა შემხვედრი შესაძლებლობის მისაღებად“ - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა სანდრა კალნიეტემ  საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ქ. ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

სანდრა კალნიეტე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ ანგარიშის დამტკიცებას გამოეხმაურა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი სამიტის მიზნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს განსაზღვრავს. „რეკომენდაციების მიხედვით, პარლამენტი უფრო შორს მიდის, ვიდრე საბჭო. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოლიტიკური ნება.  რა თქმა უნდა,   წინადადებები პარტნიორობისა და ენერგეტიკის საკითხებზე, ასევე შენგენის ზონაში გაწევრიანების შესახებ დამოკიდებულია საბჭოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მთავარია, რომ სამივე ევროპულ ინსტიტუტს: საბჭოს, პარლამენტსა და კომისიას  შორის რეგულარული კონსულტაციები მიმდინარეობს. ამასთან,  პარლამენტის მიერ მომზადებულ წინადადებებს გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ  იმპლემენტაციის პროცესი დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა.“  - განაცხადა სანდრა კალიენტემ.

ვიცე-პრეზიდენტმა EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს, კიევში გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრაზე  დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით, ასოცირებული ქვეყნებისთვის. „ეს იქნება განსაკუთრებული ფორმატის დიალოგი, რომელსაც ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნებს ვთავაზობთ“ - აღნიშნა  სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა.

როგორც სანდრა კალნიეტემ აღნიშნა, საქართველომ, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან დემოკრატიულ  ღირებულებებს  მიაქციოს, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობა, მედიის თავისუფლება და ა.შ. „დემოკრატია განსხვავებული მოსაზრებებისგან შედგება და პოლიტიკური სიმწიფე სწორედ იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შესძლებენ ხელისუფლებაში მყოფი პირები განსხვავებულ აზრებს შორის ბალანსის პოვნას“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტმა. 

საქართველოს ვიცე-პრემეირი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელს 18-19 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, რა დროსაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია მინისტრის მოხსენება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.