​დანიაში საქართველოსა და დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღნიშნეს

06.10.2017 ქ. კოპენჰაგენი - საქართველოსა და დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, დანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 2017 წლის 5 ოქტომბერს კოპენჰაგენის საკონცერტო დარბაზში (DR Koncerthuset) პირველად გაიმართა საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტის, იუნესკოს ,,მშვიდობის ხელოვანი,,-ს, ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო კონცერტი.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  დანიაში გიგი გიგიაძემ.  

კონცერტს, საპატიო სტუმრის სტატუსით - ფრანგი კომპოზიტორი, პროფესორი და ფილოსოფოსი, მიშელ სონი (Michel Sogny) ესწრებოდა, ელისო ბოლქვაძის მიერ, კონცერტის მსვლელობისას მსოფლიო კლასიკოსებთან ერთად შესრულდა მისი ნაწარმოებებიც.  აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტის სრული ჩანაწერის მოსმენის საშუალება დანიელ მუსიკის მოყვარულებს კიდევ ერთხელ მიეცემათ Danish Radio-ს  ეთერის საშუალებით 23 ოქტომბერს.

კლასიკური მუსიკის მოყვარული საზოგადოების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ მედია საშუალებების წარმომადგენლები, კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ქართული დიასპორის წარმოამდგენლები.

საკონცერტო დარბაზი (DR Koncerthuset – studie 2) დანიის ყველაზე მსხვილი მედია გაერთიანების Danish Radio-ს (DR) კუთვნილებაა და სწორედ ამ მედია კორპორაციის საოფისე კომპლექსის ცენტრალური ნაწილია. აღნიშნული ნაგებობა კოპენჰაგენის ერთერთ მთავარ საკონცერტო დარბაზს წარმოადგენს და აკუსტიკური შესაძლებლობებით, მსოფლიოს საუკეთესო  ნაგებობებს შორისაა დასახელებული.