​დავით დონდუა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა

3.10.2018, თბილისი-საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელს, ენდრიუ შოფერს შეხვდა.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და მორიგი რაუნდის დღის წესრიგის საკითხები. აღინიშნა, რომ ოქტომბერში 10 წელი სრულდება ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყებიდან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის  უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე.  მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების წინააღმდეგ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ნაბიჯებს. ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით მოხერხდება IPRM-ის შეხვედრების ჩვეულ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა.
 
მინისტრის მოადგილემ აშშ-ის წარმომადგენელს გააცნო დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული მდგოამრეობის შესახებ. საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციასა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. დავით დონდუამ ამერიკის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან, საქართველოს მოქალაქის, მაია ოთინაშვილის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებასთან დაკავშირებით. აღინიშნა აგრეთვე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.
 
თავის მხრივ ენდრიუ შოფერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.