​დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ დედოფალ ელისაბედ II-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.

„მსურს, გულწრფელად მივულოცო ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს ეს მნიშვნელოვანი დღე, დედოფლის დაბადების დღე, რომელიც მართლაც დიდი დღესასწაულია მთლიანად გაერთიანებული სამეფოსთვის.” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რაც გამოხატულია თანამშრომლობის მრავალ ფორმატში.

„ინსტიტუციურად ვთანამშრომლობთ უორდროპის დიალოგში, სადაც ძირითადი მიმართულებებით თანამშრომლობა, პოლიტიკის, კულტურის, ეკონომიკის, ხალხთა შორის ურთიერთობის მხრივ, არის ძალიან მკაფიო, ისევე, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ბრიტანეთი არის ჩვენი ძალიან მკაფიო მხარდამჭერი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.“ - განაცხადა მინისტრმა.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ  მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი დიდი ცვლილებების წელი იყო როგორც დიდი ბრიტანეთისთვის, ისე საქართველოსთვის და ხშირ შემთხვევაში, ცვლილებები სიკეთის მომტანია. ელჩმა ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის საკითხებზე და განათლების კუთხით, ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობაზე, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე. „საქართველოს დიდი და ნათელი მომავალი აქვს, რადგან მისი ნიჭიერი თაობა აგრძელებს ილია ჭავჭავაძის გზას - მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“ - მიმართა ქართულ ენაზე ჯასტინ მაკენზი სმიტმა მიღებაზე დამსწრე სტუმრებს.