​დავით ზალკალიანი გვატემალელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრს, სანდრა ხოველ პოლანკოს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი და სამომავლო პრიორიტეტები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ,  კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ისე მრავალმხრივ ფორმატებში აქტუალურ საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერის გზით.

აღინიშნა საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები როგორც ორმხრივ დონეზე, ისე ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) ეგიდით, სადაც საქართველოს დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. დაფიქსირდა პოზიციების სრული თანხვედრა ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში სანდრა ხოველ პოლანკომ გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოინახულა იუსტიციის სახლი და გაეცნო სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. 

დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან.

აღსანისნავია, რომ გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს