​დავით ზალკალიანი - საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია

16.12.2019 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  დავით ზალკალიანი  რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

დათო ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პრიორიტეტულობას და იმას, რომ  ნატო-საქართველოს ურთიერთობებში მესამე მხარის  ჩარევა მიუღებელია.

„საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ამ მიმართულებით პოლიტიკის განხორციელებაში თანმიმდევრული ვართ, რომელიც არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს მიმართულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. ვფიქრობ, ყველა მეზობლის ინტერესში უნდა იყოს, რომ საქართველო სახელმწიფოებრივად, ინსტიტუციონალურად და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ მდგრადი იყოს. ეს მთლიანად რეგიონში იქნება უსაფრთხოების გარანტია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ს აქტოვობის გაზრდასა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი სათანადოდ უპასუხებს.