​დავით ზალკალიანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

3.04.2019 ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს  საგარეო უწყების ხელმძღვანელი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ნატო-საქართველოს აქტიური თანამშრომლობა და აღნიშნეს,  რომ  მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე საქართველოს მონაწილეობა, ისევე როგორც ბოლო პერიოდში ალიანსის მხრიდან საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, მოწმობს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

უნგრულმა მხარემ კვლავ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ალიანსისთვის. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს და ამ პროცესში საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ნატოსთან. აღინიშნა, რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატოში გასაწევრიანებლად და ეს აღიარებულია ალიანსის მიერ იმ პროგრესთან ერთად, რასაც ქვეყანა განიცდის დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ტარნსფორმაციის სახით.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მისი დაინტერესებისთვის მონაწილეობა მიიღოს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 3-4 აპრილს, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. დავით ზალკალიანი ატლანტიკური საბჭოს, მარშალის ფონდისა და მიუნხენის კონფერენციის  მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილებს და ასევე ორმხრივ შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან და აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.