​დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის 2017 წლის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა აისახა

19.07.2018 - დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2017 წლის ანგარიშში აისახა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება.
 
ანგარიშში, საუბარია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, რამაც ადგილზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია:
„რუსეთის გაძლიერებულმა წნეხმა გამოიწვია საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესება, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშინება. 2017 წლის მარტში აფხაზეთის სოფლებში - მეორე ოტობაიასა და ნაბაკევში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით კიდევ უფრო შეიზღუდა გადაადგილების თავისუფლება. კვლავ გამოწვევად რჩება ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებულ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე ადგილობრივი ფერმერების წვდომა და თავისუფალი გადაადგილება. კიდევ უფრო შეიზღუდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღება ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. ამავდროულად აფხაზეთის რეგიონში დოკუმენტებთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვები უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებებს. ივნისში ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ და საქართველოს რეზოლუციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში, რომელიც ხაზს უსვამს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის (OHCHR) შეშვების აუცილებლობას.“
 
ანგარიშში ასევე დადებითადაა შეფასებული 2017 წლის განმავლობაში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში მმართველი კომიტეტის ახლად არჩეულ წევრთან - საქართველოსთან თანამშრომლობა.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიშში პირველად 2016 წელს მოხვდა, გაერთიანებულ სამეფოს საგარეო უწყებასთან საქართველოს საელჩოს აქტიური თანამშრომლობისა და ძალისხმევის შედეგად.