​ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 13-26 ოქტომბრის პერიოდში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში, კერძოდ ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში. 6 შეხვედრას 250-მდე ადამიანი დაესწრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივი თვითთმართველობებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სოფლად მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

13 ოქტომბერს, ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავად გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო „ევრო სოფელი“, რომლის ფარგლებშიც შედგა სხვადასხვა აქტივობა ღია ცის ქვეშ. უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულ ღონისძიებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მონაწილეობდა. საინფორმაციო ცენტრის კუთხეში უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყო, რომელშიც 2500-მდე სტუმარი ჩაერთო.

ღონისძიებების მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. საუბარი დაეთმო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

კამპანიას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ENIGMMA-2”, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს. კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.