​ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრად საქართველოს წარმომადგენელი იქნა არჩეული

9.11.2018 - ქ. სტრასბურგი. ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) 7 ვაკანტური წევრის არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე ექსპერტთა ჯგუფის წევრად საქართველოს კანდიდატი - ია დადუნაშვილი აირჩიეს.
 
ექსპერტთა ჯგუფში არსებულ 7 ვაკანტურ ადგილზე 16 ქვეყნის კანდიდატი იყო წარდგენილი. გამართული კენჭისყრის შედეგად, არჩეულ იქნა კანდიდატები 7 ქვეყნიდან - იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა და ირლანდია. აღსანიშნავია, რომ ეს არის GRETA-ში საქართველოს კანდიდატის არჩევის პირველი შემთხვევა.
 
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA) მონიტორინგს უწევს მხარე სახელმწიფოთა მიერ „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ კონვენციის“ მოთხოვნათა შესრულებას და რეგულარულად აქვეყნებს შეფასების ანგარიშებს.