ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება გამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“

26.05.2017 ქ. ფოთი - 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ფოთში,  კოლხური კულტურის ცენტრში, 11:00 საათზე გაიხსნება საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი "საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები."

აღნიშნული გამოფენა მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობითა და მხარდაჭერით. ექსპოზიცია გაიხსნა 30 მარტს (საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოვლენასთან დაკავშირებით) საგარეო საქმეთა სამინისტროში, საიდანაც დაიწყო მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პროექტი მოივლის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს: ბორჯომი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, მესტია, თელავი, გორი (უფლისციხე).

გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია.

გამოფენის ფარგლებში, ყოველ მორიგ საგამოფენო ქალაქში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სალექციო შეხვედრას „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“. ლექციას გაუძღვებიან ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები. 

გამოფენა ემსახურება  საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დასავლეთისკენ სწრაფვის და ჩამოყალიბებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის ქართული და სართაშორისო საზოგადოებისთვის მიწოდებას. ამის უტყუარი და საუკეთესო მოწმე კი სწორედ ხელნაწერი მემკვიდრეობაა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იყრის თავს. წერილები, ჩანაწერები, ფოტოები, ხელნაწერები ეს არის ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის ამსახველი წერილობითი ძეგლები,  სწორედ ეს მასალა იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე, როგორც ფოტოების სახით ასევე ორიგინალი ხელნაწერების სახით.