​გაერო-ში, ნიუ-იორკში, საქართველოს ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიება გაიმართება

27 აპრილი 2017 ნიუ-იორკი - საქართველოს ინიციატივით, ნიუ-იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში, გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით  - „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების მიზნით კორუფციისაგან თავისუფალი ინსტიტუტები“ - რომელიც მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისათვის კორუფციისგან თავისუფალი, ეფექტური და გამჭვირვალე ინსტიტუტების როლზე გაამახვილებს ყურადღებას. საქართველოსთან ერთად ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან გაერო-სთან დანიის, კოსტა-რიკის, ყატარის, სინგაპურისა და სიერა ლეონეს მუდმივი წარმომადგენლობები, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC).

გაერო-ს წევრი ქვეყნების, გაერო-ს სისტემის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური, გამჭვირვალე და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობის სფეროში ეროვნულ გამოცდილებას გაუზიარებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე, გაერო-სთან კოსტა-რიკის, ყატარის, სიერა-ლეონესა და სინგაპურის მუდმივი წარმომადგენლები. ღონისძიებას წარუძღვება გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე.

27 აპრილის ღონისძიებამდგრადი განვითარების მე-16 მიზნის - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა - შესრულების ხელშეწყობის მიზნით გაერო-ში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის გაგრძელებას წარმოადგენს. ამ მიზნით საქართველომ გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, 2016 წლის 19 სექტემბერს, მაღალი დონის ღონისძიება გამართა, რომლის მასპინძელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო. ღონისძიებაში, რომელიც ღია მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირების სფეროებში წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 30-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგატმა მიიღო.