​განცხადება რომ ნატო აგრძელებს საქართველოს მზადებას ალიანსში გაწევრიანებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილია - დავით ზალკალიანი

12.12.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისში ვიზიტად მყოფ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა შეხვედრაზე შეაჯამეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში და განსაზღვრეს ნატო-საქართველოს ერთობლივი სამოქმედო გეგმა 2019 წლისთვის.

”ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრის შემდეგ, ჯეიმს აპატურაის ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველოსთან ურთიერთობა. ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ბოლო მინისტერიალზე გაჟღერებული საკითხები იყოს განხილული ასევე მომავალის პერსპექტივაში. ვისაუბრეთ 2019 წლის გეგმებზე. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს პრაქტიკული ინსტრუმენტების შესრულების თვალსაზრისით და ასევე ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. პოზიტიურად იყო შეფასებული ჩვენი მონაწილეობა ნატოს ბოლო მინისტერიალში. ჩვენი მხრიდანაც მაღალი შეფასებები მიეცა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებებს, რომელიც გააკეთა საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. მისი გამონათქვამი, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს მზადებას ალიანსში გაწევრიანებისთვის, არის მნიშვნელოვანი გზავნილი“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა

2019 წლის სამოქმედო გეგმებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გაგრძელდება ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება და თანამშრომლობა სამხედრო მიმართულებით.

„მჯერა, რომ მომავალში ნატოსთან თანამშრომლობის დღის წესრიგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ნატოს უფრო მეტ ჩართულობას საქართველოში. საუბარი გვქონდა ერთობლივ წვრთნებზე ნატოს ეგიდით. მოგეხსენებათ, საქართველო აგრძელებს თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციაში და ეს თანამშრომლობა 2019 წელსაც თანმიმდევრულად და ინტენსიურად გაგრძელდება“ - აღნიშნა მინისტრმა

გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვიზიტი თბილისში 12 დეკემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. ჯეიმს აპატურაი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.