​ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტომაშ პეტრჟიჩეკთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ

2019 წლის 23 მაისს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ტომაშ პეტრჟიჩეკს შორის.

საუბრის დასაწყისში, ტომაშ პეტრჟიჩეკმა დავით ზალკალიანს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული და დინამიური ურთიერთობები. ტომაშ პეტრჟიჩეკმა დაადასტურა ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის ფარგლებში.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მიღწევებს და დაადასტურა, რომ ჩეხეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ისევე, როგორც სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას გამოთქმული მხარდაჭერისთვის და მიესალმა მიმდინარე წლის ივლისში ტომაშ პეტრჟიჩეკის საქართველოში დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტს და ასევე მის მონაწილეობას „ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში“, რომელიც წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.