​ხათუნა თოთლაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მოხსენება წარადგინა

25.12.2018 საქართველოს პარლამენტი, თბილისი - ხათუნა თოთლაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის პროექტი წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოთქვა საკანონმდებლო ორგანოს მიმართ და აღნიშნა, რომ ამ ფორმატში შეხვედრა იმ სასარგებლო და დადებითი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რაც უკვე თითქმის ორი წელია დამკვიდრდა პერიოდული ანგარიშების მომზადების პროცესში პარლამენტის ჩართულობასთან დაკავშირებით. 

ხათუნა თოთლაძემ ანგარიშის პროექტის წარდგენისას, მოკლედ მიმოიხილა ის სფეროები, რაც ასახული არის პერიოდული ანგარიშის პროექტში და ამასთანავე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. 

დოკუმენტმა უკვე გაიარა იურიდიული და საგარეო საქმეთა გაერთიანებული კომიტეტების მოსმენა და პარლამენტის შესაბამისი რეკომენდაციები ასახულ იქნება პერიოდული ანგარიშის საბოლოო ვერსიაში, რომელიც გაეგზავნება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს. 

დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა კომპეტენტური უწყების, აგრეთვე სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების მონაწილეობით. მისი მიზანია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია წინა საანგარიშო პერიოდის შემდგომ, კერძოდ, 2014 წლიდან, კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ხათუნა თოთლაძის მიერ წარდგენილ ანგარიშის პროექტში ასახული არის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მხრივ განხორციელებული საქმიანობა სხვადასხვა სფეროში, ამ კუთხით მიღწეული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ სხვა სახის პროგრესი და არსებული გამოწვევები. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას და  ხაზგასმულია ამ პროცესში რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობის საკითხი.