​კონფლიქტის მოგვარებასა და მდგრადი მშვიდობის მიღწევას ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან,“დავით ზალკალიანი

07.08.2018 ქ. თბილისი - „დღევანდელი მრგვალი მაგიდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მობილიზება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს ღია სამხედრო დაპირისპირება, ადგილზე არსებულ ურთულეს ვითარებას შეუძლებელია ვუწოდოთ მშვიდობა. კონფლიქტის მოგვარებასა და მდგრადი მშვიდობის მიღწევას ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან,“ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების და უკრაინის ვიცე პრემიერის მონაწილეობით ჩატარებული მრგვალი მაგიდის შემდეგ გამართულ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს თბილისში ჩამობრძანებისა და საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს გვერდით დგომისთვის და აღნიშნა, რომ ეს მათი მხრიდან  საქართველოს მიმართ მხარდაჭერისა და მეგობრობის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს.
 
საგარეო უწყების ხელმძრვანელმა ხაზი გაუსვა, რომ 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ. მან ისაუბრა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყოველდღიური დარღვევებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ.  საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ასევე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.

„ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან გამომდინარე ურთულესი გამოწვევების პასუხად, საქართველო ურყევად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზას. ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა მიმართულია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისაკენ, დევნილების დაბრუნებისაკენ და ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ურთიერთობისა და ნდობის აღდგენისაკენ. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში მივაღწიოთ არსებით შედეგს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად,”აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის შეფასებით საქართველოს მთავრობის ინიცატივა -  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, წარმოადგენს გახლეჩილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგნულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს.
 
აღსანიშნავია, რომ 7 აგვისტოს, თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა - „ ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართა, რომელშიც მონაწიოლეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა,  პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა,; საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა.