​კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს რწმუნებათა სიგელები გადასცა

24.04.2017 ქ.სეული - 24 აპრილს, საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ჰვანგ კიო-ანს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია ქ. სეულში, პრეზიდენტის სასახლეში, ე.წ. ლურჯ სახლში გაიმართა.

კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ცერემონიის დასრულების შემდეგ ელჩთან შეხვედრისას მოკლედ ისაუბრა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის მზარდ ინტერესს საქართველოსა და ზოგადად რეგიონის მიმართ.

ოთარ ბერძენიშვილმა ბატონ ჰვანგ კიო-ანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. ასევე ელჩმა მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს გატარებული რეფორმების შესახებ და აღნიშნა ქვეყნის საკვანძო მდებარეობიდან გამომდინარე მისი ეკონომიკური პოტენციალი რეგიონში.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰვანგ კიო-ანმა საქართველოს ელჩს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.