​ლაშა დარსალია იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

17.05.19 თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალია შეხვედრა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანტონიო ბარტოლისთან.

საუბრისას განხილულ იქნა არაღიარების პოლიტიკა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან; მათ შორის, ხაზი გაესვა იტალიის ქალაქ რანდაცოს ვიცე-მერის ვიზიტს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. აღინიშნა მსგავსი კონტაქტების დაუშვებლობა.

ელჩმა დაადასტურა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ  იტალიის რეგიონებისა და კონკრეტული  მუნიციპალიტეტების ფართო ავტონომიური უფლებების  მიუხედავად, ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ცენტრალური ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები. შესაბამისად, ამ პრინციპების დარღვევით გაფორმებულ ნებისმიერ დოკუმენტს არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა.
იტალიის მხარეს აგრეთვე მიეწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში  არსებული ვითარების თაობაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და მოსაზრებები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომავალ რაუნდთან დაკავშირებით.

„ჩვენ განვიხილეთ ერთ-ერთი იტალიური ქალაქის წარმომადგენლების მიერ ცხინვალში გამართული შეხვედრის საკითხი. მე, ბუნებრივია, დავუდასტურე მინისტრის მოადგილეს იტალიის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ევროკავშირისა და გაეროს საერთო პოზიციის ფარგლებში. იტალიაში ადგილობრივი მმართველობები სარგებლობენ გარკვეული სახის ავტონომიით, თუმცა როდესაც საკითხი საგარეო პოლიტიკას ეხება, ეს ცენტრალური მთავრობის კომპეტენციაა და შესაბამისად, ყველა ამ სახის ინიციატივა, თუ შესაძლო შეთანხმება, ადგილობრივი მმართველობის, თუ ბიზნეს-ორგანიზაციის მიერ, არ არის ვალიდური“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ენრიკო ბარტოლიმ.