​ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

2018 წლის 24 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, რუდოლფ მიხალკას, შეხვდა. 

ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ახალმა ხელმძღვანელმა ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო ქართული მხარის პრიორიტეტები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებს, მიმართულს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანებისაკენ. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩვეულ სამუშაო რეჟიმში, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით ფუქნციონირების აუცილებლობას. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, რაც გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ნაბიჯებით. 

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ქართული მხარე ურყევად ახორციელებს და გამოხატა მზადყოფნა, სხვა თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან ერთად, განაგრძოს აქტიური ძალისხმევა მონაწილეთა კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობის მიზნით.