​ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

​29.05.19 რიგა - ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ სტუმრებთან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 101 წლის წინ, 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა.

"საქართველოს მთელი ისტორია თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული ბრძოლაა, სწორედ ამიტომ ეს თარიღი ქვეყნის ისტორიაში არსებითად მნიშვნელოვანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოპოვებული დამოუკიდებლობა დიდ ხანს არ გაგრძელდა, ამ ფაქტმა მოამზადა საფუძველი ევროპული და დემოკრატიული საქართველოსი, რომელიც არსებობს დღეს და რომელიც შეუპოვრად მიდის მთავარი მიზნისკენ - ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისკენ. ლატვია საქართველოს მეგობარია, რომელიც ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს წევრობას ევროკავშირში და ნატოში, ასევე საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსული აგრესიის და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე" - განაცხადა საქართველოს ელჩმა.
 
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერმა, ინარა მურნიეცემ: "საქართველო და ლატვია ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები არიან. მიმდინარე თვის მანძილზე მე პატივი მქონდა მემასპინძლა საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის. ჩვენ გვქონდა კარგი საუბარი იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ მიაღწია მის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც კვლავ დგას საქართველოს წინაშე. საქართველომ წარმატებით მოახდინა  დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაცია. მე მჯერა, რომ მოვა დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შემოგვიერთდებიან ევროკავშიში, ჩვენ ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ლატვიაში ჩვენ საქართველო გვიყვარს მისი სიძლიერის და დიდი ენერგიის გამო, ჩვენ გვიყვარს ქართული სტუმართმოყვარეობა, თქვენი უძველესი ტრადიციები და ამავროულად თანამედროვე განვითარება,  რაც ჩვენს ევროპულ კულტურას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის“.
 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის, მთავრობის, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
ღონისძიების ფარგლებში "ქართულმა კვარტეტმა" და ლატვიაში მცხოვრებმა ქართველმა მეცო სოპრანომ, ცირა თოლორდავამ შეასრულეს საქართველოს და ლატვიის ჰიმნები, ასევე ქართული და ლატვიური სიმღერები.
 
ღონისძიებას გენერალური სპონსორობა გაუწიეს კომპანიებმა: "თელიანი ველი" და "ბორჯომი".