​ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის შუალედური შეხვედრა გაიმართა

3 მაისი 2017, ლონდონი -გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისში საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ შუალედური შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს პლენარული სხდომის მომზადება და საკითხების შეთანხმება წარმოადგენდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და დიალოგის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობა მიმოიხილეს. გადაწყდა, რომ მომდევნო პლენარული სხდომა წლის მეორე ნახევარში, ლონდონში ჩატარდება.

შეხვედრაზე, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებული პარტნიორობა. ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ, დაადასტურა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი მხარდაჭერა; ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობის გამო.

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების გზები; ასევე აღინიშნა დაძმობილებულ ქალაქებს შორის კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ავღანეთსა და ერაყის ომის მონაწილეთა მემორიალი მოინახულეს.

შუალედური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და დესპანი კახი ქენქაძე წარმოადგენდნენ. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის ოფისს წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი მაიკლ თეთემი და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ მაქნოთენი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს, ბრიტანეთის საბჭოსა და „კარგი მმართველობის ფონდის“ წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტრატეგიული დიალოგი ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში.