​მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას შეხვდა

11.09.2017 ქ.ერევანი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მის სომეხ კოლეგას ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ აღმოჩენილი დახმარებისთვის.


საგარეო უწყების ხელმძღვანელები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის  მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას. ამ კონტექსტში აღინიშნა მ. წ.  სექტემბერში, საქართველოში სომხეთის ეროვნული კრების სპიკერის დაგეგმილი ვიზიტი.
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს  ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საგარეო უწყებების როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. ამ მხრივ, პოზიტიურად შეფასდა მ.წ. ივნისში სომხეთში გამართული ბიზნეს ფორუმი, რაც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.  

კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რაც გამოიხატა ქართველი და სომეხი ახალგაზრდების მონაწილეობით საზაფხულო ბანაკებში საქართველოსა და სომხეთში.
ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ასევე  გაცვალეს მოსაზრებები რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.